დროას ლიდერის ელენე ხოშტარია "ოლიგარქიის საყრდენი" პროკურორების დასანქცირებას ითხოვს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ კონკრეტული პროკურორები ჩამოთვალა, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.
"ვაგრძელებთ დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც უკავშირდება ოლიგარქიული საყრდენების სანქცირების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას. ჩვენი ვალია, არ დაზარალდეს ქვეყანა და მივაწოდოთ პარტნიორებს ინფორმაცია, თუ რაზე დგას ოლიგარქიული მმართველობა.
მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის კონტროლის თავში დგას ოთარ ფარცხალაძე. ის არის ერთი მხრივ, ჩართული მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში, მიახლოებულია ბიძინა ივანიშვილის კართან და მეორე მხრივ, მისი მთავარი "დამსახურება" ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი.
ოთარ ფარცხალაძე პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით. ხორავას საქმეზე საქმის გამრუდების გამო მოუწიათ შოთაძის გადაყენება, თუმცა ის იმდენად ძვირფასია ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემისთვის, რომ დააბრუნეს უკან. ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი: ირაკლი შოთაძე თავად არ უარყოფს, რომ ის ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში ხაზარაძე-ჯაფარიძის შეხვედრას და პირდაპირ იყო ამ გარჩევებში ჩართული და მეორე - ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს.
ჯარჯი წიკლაური - არის გამორჩეული იმით, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მას ეხებოდა ციხეში მყოფი ხალხის უფლებების მონიტორინგი. მთავარი ღერძი დანაშაულებრივი რაც იყო, ის უწევდა ამასა მონიტორინგს და ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, მონაწილეც იყო იმ დანაშაულში, თუმცა როგორც ქართული ოცნების მთავრობის პირობებში ხდება, ის პოლიტიკურად გამოიბარეს და ჩააბარეს პოლიტიკური საქმეები: ციანიდის, კარტოგრაფების, კაბელების, სააკაშვილის საქმეები.
მიხეილ სადრაძე - მან აღძრა კარტოგრაფების საქმე. აქტიურად გამოდიოდა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში და ჩართული იყო ამ რუსულ სპეცოპერაციაში და ასევე, იყო ნიკა მელიას საქმეში პროკურორი.
ამირან გულუაშვილი - ზედამხედველობს პოლიტიკურ საქმეებს. ის არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. რუსთავი 2-ის, ნიკა გვარამიას, კარტოგრაფების, ნიკა მელიას საქმის პროკურორი - პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ ამ ბინძურ პოლიტიკურ საქმეებს.
რევაზ ბაღაშვილი - საგამოძიებო ნაწილის უფროსი. მის ხელში გადის ეს პოლიტიკური საქმეები და არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებაში.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს ჰყავს ღირსებული ბიზნესმენები, მოსამართლეები, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომელიც დანგრევაც არის დღეს ჩვენი ამოცანა, რომ ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილს"- თქვა ხოშტარიამ.